Xbox-მა GTA 6-ის ექსკლუზიური სტრიმინგის უფლებები მოიპოვა
თამაშის სტრიმინგი დებიუტისას მხოლოდ Xbox Cloud Gaming-ზე იქნება ხელმისაწვდომი

Microsoft-ის სათამაშო მიმართულებამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარიგებას მიაღწია. Xbox-მა Grand Theft Auto VI-ის ღრუბლოვანი სტრიმინგის (cloud streaming) ექსკლუზიური უფლებები მოიპოვა.
Xbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Asha Sharma-მ თანამშრომლებთან გამართულ შიდა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანია GTA 6-თან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯს გეგმავს, რასაც სხვა ვერცერთი პლატფორმა ვერ შესთავაზებს მოთამაშეებს. როგორც ინფორმირებული წყაროები ადასტურებენ, საუბარი სწორედ თამაშის სტრიმინგის უფლებების ექსკლუზიურ კონტრაქტზეა.
რას ნიშნავს ეს გეიმერებისთვის
მიღწეული შეთანხმების თანახმად, თამაშის გამოსვლის პირველ ეტაპზე GTA 6-ის სტრიმინგი ექსკლუზიურად მხოლოდ Xbox Cloud Gaming-ის სერვისით იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადით გაგრძელდება აღნიშნული ექსკლუზივი, თუმცა Microsoft-ისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული უპირატესობაა.
ვითარებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ დეველოპერულ კომპანია Rockstar Games-ს Grand Theft Auto VI-ის პერსონალური კომპიუტერების (PC) ვერსია ჯერ ოფიციალურად არ დაუანონსებია. შესაბამისად, მოთამაშეებს, რომლებსაც ახალი თაობის კონსოლები არ აქვთ, თამაშის გაშვება ღრუბლოვანი სერვისით, მათ შორის PC-სა და სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობებზე შეეძლებათ.
ეს ნაბიჯი Microsoft-ს საშუალებას მისცემს, Xbox Cloud Gaming-ის ეკოსისტემაში უამრავი ახალი მომხმარებელი მოიზიდოს. გლობალურად გეიმერებისთვის ეს ნიშნავს, რომ უახლესი ღია სამყაროს თამაშით სარგებლობას ძვირადღირებული აპარატურის გარეშეც შეძლებენ, თუკი სტაბილური ინტერნეტკავშირი ექნებათ.