რა არის MLO Wi-Fi 7-ში და უნდა ჩართოთ თუ არა ეს ფუნქცია?

Wi-Fi 7-ის სტანდარტის დანერგვასთან ერთად, ქსელური მოწყობილობების მწარმოებლებმა მომხმარებლებს არაერთი დაპირება მისცეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი Multi-Link Operation (MLO) გახლავთ. ეს ტექნოლოგია Wi-Fi 7-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელიც თეორიულად ინტერნეტის სიჩქარესა და კავშირის სტაბილურობას მნიშვნელოვნად უნდა აუმჯობესებდეს. თუმცა, პრაქტიკაში სიტუაცია გაცილებით რთულია და დღეს არსებული რეალობა დაპირებულისგან განსხვავდება.
როგორ მუშაობს MLO?
მარტივად რომ ვთქვათ, MLO-ს მიზანია, როუტერმა ერთდროულად რამდენიმე სიხშირულ დიაპაზონთან (2.4GHz, 5GHz და 6GHz) დაამყაროს კავშირი და ინტერნეტ ტრაფიკი მათ შორის გადაანაწილოს. ეს ტექნოლოგია გარკვეულწილად ეფუძნება ძველ „band steering“-ის პრინციპს, რომელიც როუტერს საშუალებას აძლევს, ავტომატურად გადაერთოს ყველაზე თავისუფალ და სწრაფ სიხშირეზე. თუმცა, ძველი მეთოდი ხშირად არასტაბილური იყო და გადართვისას კავშირის შეფერხებებს იწვევდა. MLO-მ, იდეალურ შემთხვევაში, ეს პრობლემა ერთდროულად რამდენიმე არხის გამოყენებით უნდა გადაჭრას.
რეალობა და შეზღუდვები
პრობლემა ისაა, რომ MLO-ს ორი განსხვავებული ტიპი არსებობს. პირველი – Simultaneous Transit and Receive (STR) – გულისხმობს რამდენიმე რადიომოდულის ერთდროულ მუშაობას. მეორე – Enhanced Multi-Link Single Radio (EMLSR) – მხოლოდ ერთ რადიომოდულს იყენებს, რომელიც მონიტორინგს უწევს ყველა დიაპაზონს და საჭიროებისამებრ გადართვას ახდენს. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, ბაზარზე არსებული Wi-Fi 7 როუტერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ დაადასტურა სრულფასოვანი, მრავალრადიოიანი MLO-ს მხარდაჭერა.

გარდა ამისა, არსებობს თავსებადობის პრობლემა. Wi-Fi 7-ის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად საჭიროა, რომ როგორც როუტერი, ისე თქვენი მოწყობილობა (სმარტფონი, ლეპტოპი ან ქსელური ბარათი) მხარს უჭერდეს ამ ახალ სტანდარტს. თუ თქვენს ქსელში ძველი თაობის Wi-Fi 6 მოწყობილობებია ჩართული, ისინი MLO-ს უპირატესობას ვერ მიიღებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუთავსებელ მოწყობილობაზე MLO-ს ჩართვამ შესაძლოა ქსელის არასტაბილურობა და კავშირის გაწყვეტა გამოიწვიოს.
უნდა ჩართოთ თუ არა MLO?
ამ კითხვაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს. თუ თქვენს სახლში შერეული ტიპის მოწყობილობებია და არ გაქვთ Wi-Fi 7-ის სრულად მხარდამჭერი სისტემა, უმჯობესია, MLO ამ ეტაპზე გამორთული დატოვოთ. თუმცა, თუ სრულად გადასული ხართ Wi-Fi 7-ზე და იყენებთ თანამედროვე ტექნიკას, შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და დააკვირდეთ, გაუმჯობესდება თუ არა თქვენი ქსელის მუშაობა ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ.
როუტერის მოდელიდან გამომდინარე, MLO-ს პარამეტრები სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს განთავსებული. მაგალითად, UniFi და eero-ს მოწყობილობებს ეს ფუნქცია მობილურ აპლიკაციებში აქვთ, Linksys-ის შემთხვევაში კი საჭიროა ვებ-ინტერფეისში შესვლა. უმეტეს შემთხვევაში, ეს ფუნქცია ნაგულისხმევად გამორთულია, თუმცა ზოგიერთ ASUS-ის მოდელზე ის შესაძლოა თავიდანვე აქტიური იყოს. ჩვენი რჩევაა, შეამოწმოთ თქვენი როუტერის პარამეტრები და თავად დატესტოთ, რომელი რეჟიმი უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს თქვენს გარემოში.