ევროპა კიბერშეტევების მთავარ სამიზნედ იქცა: სტატისტიკა საგანგაშოა

ბოლო მონაცემებით, ევროპული ორგანიზაციები კიბერუსაფრთხოების კუთხით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგანან. კვლევები აჩვენებს, რომ ევროპა მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად უფრო აქტიურად ხდება კიბერშემტევების სამიზნე. საფრთხეები მრავალფეროვანია: სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი ჯგუფებიდან დაწყებული, ფინანსური მოგების მიზნით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებებით დამთავრებული.
ფიშინგი და ბიზნეს-ელფოსტის კომპრომეტაცია
ყველაზე თვალშისაცემი ზრდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმებში შეინიშნება. 2025 წელთან შედარებით, ევროპაში ფიშინგის (თაღლითური ელფოსტა) შემთხვევები 4.5-ჯერ გაიზარდა, მაშინ როდესაც გლობალური მაჩვენებელი მხოლოდ 1.5-ჯერ არის გაზრდილი. განსაკუთრებით საშიშია ე.წ. BEC (Business Email Compromise) შეტევები, როდესაც თავდამსხმელები იპარავენ კორპორატიულ იდენტობას და პარტნიორებსა თუ თანამშრომლებს ყალბი მოთხოვნებით მიმართავენ. ევროპულ ელექტრონიკის სექტორში მსგავსი ინციდენტები საშუალოზე 3.4-ჯერ ხშირად ფიქსირდება.
საინტერესოა, რომ ევროპელი მომხმარებლები კიბერშემტევების მიმართ განსაკუთრებით „რეაგირებადები“ არიან. ყოველ 100 საეჭვო წერილზე ევროპაში საშუალოდ 8.3 დაწკაპუნება ფიქსირდება, რაც მსოფლიო მაჩვენებელს (2.0) ოთხჯერ აღემატება. ეს ფაქტორი ჰაკერებს მოტივაციას უზრდის, თავიანთი საქმიანობა სწორედ ამ რეგიონზე გაამახვილონ.
სექტორული სამიზნეები და ახალი მოთამაშეები
კვლევის მიხედვით, კიბერშეტევები არ ირჩევს ინდუსტრიას, თუმცა ზოგიერთი სექტორი უფრო დაუცველია. სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ჯანდაცვა განსაკუთრებული რისკის ქვეშაა. მაგალითად, ტელეფონის მეშვეობით განხორციელებული თავდასხმები („callback phishing“) წლიურ ჭრილში 262%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის სექტორში კი მავნე პროგრამების გამოყენების შემთხვევებმა 84%-ით მოიმატა.
ტრადიციულ რუსულ და ჩინურ დაჯგუფებებთან ერთად, რომლებიც აქტიურად ავითარებენ შეღწევის ტექნიკებს, ევროპის მიმართ ინტერესს ინდოეთი და პაკისტანიც იჩენენ. თუ აქამდე ეს ქვეყნები ძირითადად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, 2026 წელს მათმა ყურადღებამ დასავლეთ ევროპისკენ გადაინაცვლა.
ხელოვნური ინტელექტის როლი და ღრუბლოვანი საფრთხეები
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ შექმნა ახალი, დაუცველი ფენა. ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ 188,000-ზე მეტ AI-ზე დაფუძნებულ აპლიკაციას, რომლებიც ხშირად არასწორად არის კონფიგურირებული. თავდამსხმელები უკვე აქტიურად ნადირობენ „ღია კოდის“ მქონე AI ინსტრუმენტებზე, როგორიცაა Langflow ან LiteLLM. მონაცემები აჩვენებს, რომ AI ინფრასტრუქტურაზე მიმართული შეტევების წილი 90-დღიან პერიოდებში 4.6-ჯერ გაიზარდა.
ევროპული ორგანიზაციების თითქმის 99% შეეჯახა ღრუბლოვან სერვისებზე მიმართულ შეტევებს. ჰაკერების მიზანი მხოლოდ მონაცემების მოპარვა არ არის; 72%- შემთხვევაში ისინი ცდილობენ სისტემაში ხანგრძლივად დარჩენას, ავთენტიფიკაციის კონტროლის მანიპულირებას და ფაილებზე მუდმივ წვდომას. საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ კიბერუსაფრთხოების აუდიტი და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე.