Apple macOS-ის უსაფრთხოებას ცვლის AI ასისტენტების გამო
Meta-ს AI ასისტენტის მიერ პირად მიმოწერაზე წვდომის მიღებამ Apple-ს წესების გამკაცრება აიძულა

Apple-მა გამოაცხადა, რომ macOS-ის კონფიდენციალურობის პარამეტრებს ცვლის. კომპანიის გადაწყვეტილების მიზანია, მესამე მხარის დეველოპერებსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტებს შეეზღუდოთ შესაძლებლობა, ბოროტად გამოიყენონ სისტემური ნებართვები და მომხმარებელთა Apple Messages-ის ისტორიაზე წვდომა მიიღონ. ეს ნაბიჯი Meta-ს ახალი AI ასისტენტის, Muse-ის ირგვლივ ატეხილ სკანდალს მოჰყვა.
სკანდალი Meta-ს AI ასისტენტის ირგვლივ
პრობლემის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ტექნოლოგიურმა მიმხილველმა Jason Aten-მა განაცხადა, რომ Meta-ს გენერალური დანიშნულების AI ასისტენტმა Muse-მა მას გაუგზავნა შეტყობინება, სადაც Apple Messages-ის პირადი მიმოწერის დეტალები იყო მოხსენიებული. Aten-ის თქმით, მას Muse-ისთვის პირადი შეტყობინებების წაკითხვის ნებართვა არასდროს მიუცია და მიაჩნდა, რომ ეს მონაცემები AI ასისტენტისთვის მიუწვდომელი იყო.
ამ ინციდენტმა სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია გამოიწვია. მომხმარებლების თქმით, AI ასისტენტებისთვის კალენდარზე, ელფოსტაზე, მიმოწერებსა და ონლაინ-ანგარიშებზე წვდომის მიცემა ელექტროხერხის გამოყენებას ჰგავს — ეს ინსტრუმენტები სასარგებლოა, თუმცა გაუფრთხილებლობის შემთხვევაში სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
სისტემური ხვრელი და Apple-ის რეაგირება
Meta-ს მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა (CTO) David Singleton-მა ბრალდებებს უპასუხა და განმარტა, რომ Muse-ს მიმოწერაზე წვდომისთვის მომხმარებელს ხელით უნდა ჩაერთო ორი პარამეტრი: macOS-ის სისტემური ნებართვა Full Disk Access (დისკზე სრული წვდომა) და უშუალოდ Muse-ის აპლიკაციაში Messages-ის კონექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა დისკზე წვდომა ფორმალურად დაუშვა, უმეტესობამ არ იცოდა, რომ Full Disk Access ავტომატურად მოიცავდა Apple Messages-ის მონაცემთა ბაზასაც. სწორედ ამ გაუგებრობისა და შესაძლო ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, Apple-მა გადაწყვიტა შეცვალოს Full Disk Access-ის ფუნქციონირება, რათა AI ასისტენტებმა პირადი მიმოწერის საიდუმლოდ წაკითხვა ვეღარ შეძლონ.